„არავის აქვს უფლება ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, რაზეც ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთიც იმავეს აკეთებენ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა საქართველოსთან მიმართებით ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს.
„ზუსტად ასეთ ორმაგ სტანდარტზე ვსუბრობთ - ის, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის ეს ყველაფერი მისაღებია. როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს შენს შიდა პოლიტიკას, ეს არის წარმოუდგენელი და ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა იმოქმედებს, მიიღებს კანონებსა და შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ აღნიშნული არ დაუშვას. არავის აქვს უფლება ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა. რა თქმა უნდა, დამფინანსებელი თავის ინტერესებს იცავს და უნდა, რომ მისი ინტერესები გაითვალისწინო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ის მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის გამჭვირვალობის კანონის მიღება იყო აუცილებელი ნაბიჯი.
„ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ - გამჭვირვალობის კანონის მიღება - აუცილებელი იყო. აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს ის, თუ საიდან შემოდის თანხები, რისთვის, რას ხმარდება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მაგრამ ეს არ მოსწონთ იმიტომ, რომ უნდათ ყველაფერი შავად იყოს, არავინ არაფერი იცოდეს და როგორც უნდათ, ისე იმოქმედონ. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. ამაზე ბევრი ახსნა-განმარტებაც გავაკეთეთ. ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ საქართველოს ინტერესს.
რა თქმა უნდა, ისინიც იგივეს აკეთებენ იმიტომ, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არავინ ჩაერიოს და არ შევიდეს უცხო დაფინანსება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.




