სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შპს „შატო ზეგაანის“ წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტი გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვაზის ჯიშების გაშენებას და ქართული მეღვინეობის კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე, დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობზე, ქართული ვაზის ჯიშების რქაწითლისა და საფერავის ვენახი გაშენდა.
პროექტის კომპლექსურ სამეცნიერო-მეთოდურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო მატერიალური საშუალებებისა და სამუშაოების ფინანსურ უზრუნველყოფას შპს „შატო ზეგაანი“ ახორციელებს.
ლევილის მამულს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ირაკლი ყურაშვილი ესტუმრა, რომელმაც ახლად გაშენებული ქართული ვენახი მოინახულა. ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ელჩს მიმდინარე და სამომავლო სამუშაოები გააცნო.
ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვაზის გაშენება საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კულტურის, ტრადიციების პოპულარიზაციასა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიული კავშირების გაღრმავებას ემსახურება.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს




