მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი2-ის გადაცემა “დებატებში” საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
“აქ ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს და ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პრაგმატულად სწორად შევძლოთ იმ შესაძლებლობების მიღება და განხორციელება, რაც სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციას უკავშირდება და ასევე სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დაკავშირებადობის საკითხზე საუბრისას პრობლემები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც ჩანს.
„ყველაზე მეტი არაპრაგმატულობა, საიდანაც ჩანს სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული მხრიდან. მაშინ, როდესაც, დღეს, ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო და საქართველოს გავლით დაკავშირებადობა დანარჩენ სამყაროსთან, სწორედ ასეთ პირობებში, ევროკავშირის ბიუროკრატია ამ თემაზე საქართველოს არ ესაუბრება. ამის მიზეზი რა არის, ეს კიდევ შორს წაგვიყვანს. მაგრამ როდესაც პრაგმატულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ- რამდენად არის დღეს ევროპული ბიუროკრატია მზად იმისთვის, რომ რეალურად გაიხედოს წინ და თუნდაც არ იყოს უფრო მეტად დამოკიდებული სხვა ძალებზე, ვიდრე დღეს არის. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე თუ რამდენად დამოუკიდებელია დღეს ევროპა და რამდენად შეუძლია თავად მართოს თავისი საქმეები“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
„ჩვენ რასაც ვიცავთ, ეს არის ძალიან ცხადი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. როდესაც ვსაუბრობთ მიზეზებზე, ეს მიზეზები სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. ძალიან კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო დამოკიდებულების ცვლილება საქართველოს მიმართ და როგორ შეიქმნა ის მითები საქართველოს შესახებ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ მივიდეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებამდე. ესეც ილუზია არ ყოფილა და საკმაოდ რაელური იყო ის საფრთხეები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, როდესაც საუბარი იყო თუნდაც მეორე ფრონტზე და საქართველოს ჩართვაზე ომში.
თუ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას არ დავიცავდით, იმ რისკის და იმ დარტყმის ფასად, რაც აიღო საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე, დღეს არანაირ ევროინტეგრაციაზე საუბარი არ იქნებოდა. სჯობს ვიდაოთ ევროინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციის სიჩქარეზე, ვიდრე სხვა პრობლემები გვქონდეს დღეს გადასაჭრელი, საერთოდ თუ შევძლებდით ამის გაკეთებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე. „რაც შეეხება 2030 წელს მინდა ვისურვო, რომ 2030 წელს ევროკავშირი იქნება იმ მდგომარეობაში, რომ გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის და შეძლებს გაფართოებას, იმიტომ რომ მე მართლაც მიმაჩნია გულწრფელად, რომ ევროპის ერთადერთი სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, იმაში, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პრაგმატულ და რეალურ პოლიტიკაზე დაფუძნებით. სხვანაირად ეს ალბათ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნება“, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.




