"ოპოზიციური ერთობა არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობა და საზოგადოების დაკვეთა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აქ ვართ გაერთიანებულები, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვუყურებთ ამ ერთობას, რომ მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების, საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა თითოეული პოლიტიკური პარტიისადმი არის გაერთიანება. განსხვავებებისა და პრეტენზიების მიუხედავად, მიზანი ყველასი ერთია, რუსული რეჟიმის დამარცხება." – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, ანა წითლიძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრამდე განაცხადა.
"ამ მხრივ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როგორ გააგრძელებს ალიანსი მუშაობას და რამდენად მიაღწევს შედეგს, ეს დამოკიდებულია პროცესზე. ამ შეხვედრის მთავარი მიზანიც ესაა, რომ გამოწვევებზე ვისაუბროთ. ეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა არ არის, ეს არის ყველას ბრძოლა, რადგან ერთ მხარეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს არის ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება უნდა. ამიტომ, ეს დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის მუშაობაზე, ბრძოლაზე. შეხვედრის მთავარი მიზანიც ესაა, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთმანეთთან ინტეგრირება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.




