ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მაღალი დონის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ჰრისტიან მიცკოსკიმ, გახსნა. ღონისძიებაზე მონაწილეებს ასევე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ, მიმართა. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მთავარი თემა დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო. მიხეილ სარჯველაძემ პანელურ დისკუსიაზე ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის განცხადებით, დემოგრაფიულ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე მუშაობს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით - ქვეყანაში შემცირებულია დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა, ხოლო პრენატალური და პოსტნატალური სერვისების განვითარებამ ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაძლიერებაზე, რაც ხანდაზმულ მოსახლეობას უფრო ხანგრძლივი, ჯანმრთელი და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
მისივე თქმით, ოჯახების მხარდაჭერა საქართველოს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ბოლო წლებში გაძლიერდა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები, რომლებიც მოწყვლად ოჯახებს ფარავს და უკიდურესი სიღარიბის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დაბალი შობადობა, დემოგრაფიული დაბერება, მიგრაცია, შრომითი ბაზრის ცვლილებები, სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხამაშურიძე.




