საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 5,6 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ტილიდინს“, რომელიც ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულის სამგზავრო ჩანთიდან ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.