ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. გარემოზე მიყენებული ზიანი 4000 ლარს შეადგენს.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია საჩხერის საქმიან ეზოში.
„სახელმწიფო კონტროლს ხე-ტყით უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყეზე უკანონო ზეწოლა. მინდა აღვნიშნო, რომ ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.




