საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ახალი სასწავლო კურსის - ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრაზე ამირან გულუაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრას კურსის ტუტორი და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა მონაწილეებს სასწავლო კურსის შინაარსი და ფორმატი გააცნეს.
სასწავლო კურსები საერთაშორისო და ეროვნული კომპონენტებისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა სამ თვეს შეადგენს. საერთაშორისო ნაწილი შემუშავებულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
HELP-ის კურსი „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ყოვლისმომცველი სასწავლო კურსია, რომლის მიზანია იურიდიული და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების ცოდნის გაღრმავება, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების მქონე პირებთან მიმართებით მოქმედი ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ.
ამასთან, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი ინსტრუმენტების გარდა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სასწავლო კურსში მიმოხილულია სხვა საერთაშორისო სტანდარტები და დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია გაეროს მიერ.
სასწავლო კურსის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის 27 თანამშრომელი გადამზადდება.
საქართველო, ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. 2016-2026 წლებში საქართველოს პროკურატურაში 31 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 530-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურორთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. ამ მიმართულებებით სასწავლო კურსები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.