დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მსხვერპლი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანამდე მერყეობს.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"1956 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან 35 წელი იყო გასული. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრეული ბოლშევიზმის ხანა გვიანი სტალინური ნაციონალიზმის პოლიტიკამ შეცვალა, რამაც ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა გარემოსთან ინტეგრირებული ეროვნული თვითშეგნება დაბადა. სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი საწინააღმდეგო პოლიტიკის გახმიანებამ ყველაზე დიდი რეაქცია საქართველოში გამოიწვია. მოსახლეობის უმრავლესობამ ახალი პოლიტიკა ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად აღიქვა.

9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა საბჭოთა სისტემის შიგნითვე და მის წინააღმდეგ. შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ამ დღიდან რამდენიმე თვეში ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააკავებენ ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრებს - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვებს, რაც ახალი ეროვნული მოძრაობის პირველი ნიშანი გახდება.

35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცებისთვის.
ეს ისტორიული მოვლენა თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება.
ნათელი დაადგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა სულებს!" - წერს შალვა პაპუაშვილი "ფეისბუკში".