შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე აფგან სადიგოვი დააკავეს. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის საქალაქოს სასამართლოში ჩატარდა სხდომა, სადაც მოსამართლე სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
"სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე.
მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.
ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.
სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს.
ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.
დააკვირდით:
1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. - წერს თამთა მიქელაძე.
მოგვიანებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა დაწერა: "ეს არის ფეისბუქ პოსტი, რომლის გამოც დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს აფგან სადიგოვი და მისი დეპორტაციის პროცესი დაიწყეს და 2 საათში დაასრულეს.პოსტის არაოფიციალური თარგმანი: "იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ."აქვე ვიტყვი, რომ სასამართლოში შსს-ს პოსტის თარიღი არასწორედ ქონდა მოხმობილი და პოსტი ოფიციალურად ქართულ ენაზეც არ ქონდა ნათარგმნი. პოლიციის შესახებ პოეტური კრიტიკაც სამართალდარღვევა ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ცხადია, რომ ეს ამბავი და საქმე მხოლოდ საბაბი იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ."




