თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.
გამოფენა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და კოლეჯ ,,სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ გახსნეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისის საკრებულოს და „სპექტრს“ მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და დღევანდელი გამოფენაც ამ თანამშრომლობის მაგალითია.
„თბილისის საკრებულო მოხარულია დღეს უმასპინძლოს კოლეჯ „სპექტრის“ გამოფენას. კოლეჯთან თბილისის მუნიციპალიტეტს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი ღონისძიება. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ხორციელდება და პირადად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით დაიწყო. მე მინდა წარმატება ვუსურვო პროგრამის ყველა მონაწილეს მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
პროფესიული კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. მისივე თქმით, დღევანდელი გამოფენა სწორედ მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში მომზადდა.