თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ვაჟა მაღრაძემ, დღეს გაასაჯაროვა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც 12 ივლისის სტიქიის შედეგად ვარდოშვილის ქუჩაზე დაზიანებულ შენობებს ეხება.

მერის განცხადებით, ექსპერტიზამ შეისწავლა თითოეული შენობის ტექნიკური მდგომარეობა და მათი უსაფრთხოების ხარისხი.

დასკვნის მიხედვით, შენობების ნაწილში დაფიქსირებულია სერიოზული კონსტრუქციული დაზიანებები, რის გამოც იქ შესვლა კატეგორიულად დაუშვებელია. ასევე არის შენობები, სადაც დაზიანება ვიზუალურად ნაკლებად შეინიშნება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა მათაც საფრთხე შეექმნათ.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული შენობების დემონტაჟი განხორციელდეს. მანამდე მოხდება შენობების საბაზრო ღირებულების შეფასება, რის შემდეგაც მესაკუთრეებისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილება.

,,თვითონ კალაპოტი, რომლის ნაპირებზეც განლაგებულია ეს შენობები, როგორც ჯებირები, ასევე ბეტონის საფარი არის დაზიანებული და საჭიროებს მთლიანად აღდგენით სამუშაოებს. არსებობს ტექნიკური  რეგლამენტი, რომლის თანახმად მცირე მდინარეები და ამ შემთხვევაში თელავის ხევი, რომელიც მცირე მდინარეებს მიეკუთვნება, რადგან 25 კმ-მდე სიგრძის არის, მისი კალაპოტის არცერთ მხარეს არ შეიძლება არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ არანაირი დანიშნულების ფართების  მშენებლობა, ეს იკრძალებოდა ფაქტიურად 1996 წლიდან. 
გამოიკვეთა, რომ უფრო მეტ მესაკუთრეს სურდა კომპენსაცია მიეღო და შემდეგ თვითონ მოძებნიდა ალტერნატიულ ფართს. შეფასება მოხდება ყველა შენობის და საბაზრო ფასები დადგინდება.,, - განაცხადა ვაჟა მაღრაძემ. 

ცნობისათვის, დემონტაჟი შეეხება თელავის ხევის მიმდებარედ  10 მეტრის ზონაში განთავსებულ ყველა შენობას - ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს.