პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

 სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რაც 4320 ლარად ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 2025 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

 ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებაში და ერთ პირს 9 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.