საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. კულტურის დღეები საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის - „ერისიონისა“ და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ „ტუმორის“ გალაკონცერტით გაიხსნა.
გალაკონცერტი, სახელწოდებით „კულტურათა დიალოგი - საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. თეატრის დარბაზში მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
10-11 მარტს, ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების - ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები: „შერეკილები“, „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“.
„ ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ორი ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს კულტურის ძალა ხალხებს შორის ურთიერთობაში.
ქართული კულტურის დღეების მრავალფეროვანი პროგრამის ნაწილია ასევე ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დიდი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძემ ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში მდებარე პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკო.




