დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რუსეთთან, სულ მცირე,6 მილიარდი ფუნტის ღირებულების 29 000 სავაჭრო გარიგება განახორციელეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა": სანქციების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ტერიტორიებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტის ღირებულების ვაჭრობა განახორციელეს
კვლევის თანახმად, 145 გაუმჭვირვალე ოფშორული კომპანია გამოიყენებოდა შუამავლად – უფრო მეტად ბერმუდასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმები.
დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ამ სქემით რუსეთი ყიდულობდა და ყიდდა სანქცირებულ საქონელს, მათ შორის ქვანახშირს, ფოლადს, ტყვიას, რკინასა და თუთიას, რის შემდეგაც ეს საქონელი ჩინეთში, თურქეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში შედიოდა. გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, კვლევამ გამოავლინა, სულ მცირე, 160 იახტა, რომელიც ამ კომპანიების გამოყენებით რუსეთში იქნა შეყვანილი.
ბრიტანეთის სანქციები მსგავსი საქონლის, მათ შორის იახტების რუსეთში ექსპორტს პირდაპირ კრძალავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ზოგიერთ გარიგებაში ჩართულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული ნახშირის მარაგებიც და სანქცირებული ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოს მაღალჩინოსნებისთვის ნაჩუქარი იახტებიც.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ სქემების არსებობა პირდაპირ კავშირშია კომპანიების რეალური მფლობელების შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობასთან. ამასთან, ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ვირჯინიის კუნძულებისა და ბერმუდას ტერიტორიებმა 2025 წლის ივნისში არ უზრუნველყვეს მფლობელების მონაცემებზე გამჭვირვალე წვდომა. გამონაკლისს წარმოადგენს გიბრალტარი, სადაც რეესტრი სრულად საჯაროა და წვდომა გამარტივებულია.
„ოთხი წელია, რაც ომი მიმდინარეობს და მტკიცებულებები ცხადია: ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები კვლავ სუსტ რგოლს წარმოადგენს საერთაშორისო სანქციების სისტემაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა ტერიტორიებზე გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და სანქციების მაკონტროლებელი ორგანოები უფრო მჭიდროდ ჩართოს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობაში.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი




