თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის გზავნილები და დამოკიდებულება, რაც ბოლო დროს საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის განხორციელებული სხვადასხვა კონტაქტისას დაფიქსირდა, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობა ახალი ფურცლით დაიწყოს.
„ის დამოკიდებულება, ის მესიჯები, სატელეფონო საუბარი, რაც პრემიერ-მინისტრსა და მარკო რუბიოს შორის შედგა, გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის.
ბევრჯერ გვისაუბრია, თუ როგორ იქცეოდა წინა ადმინისტრაცია. მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, შანტაჟზე და სიყალბეზე იყო დაფუძნებული, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის.
ჩვენ ამერიკასთან გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა და მზად ვართ ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.




