თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მას შენიშვნებს ვერ მისცემს და მოღალატეს ვერ დაუძახებს სააკაშვილი, რომელიც, მისივე განმარტებით, არის „ლაჩარი და 2008 წელს მიწაზე ფორთხავდა“.
„სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, მიწაზე ფორთხავდა 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს და ვერც მოღალატეს დამიძახებს. მთავარსარდალი უნდა დაიცვან, ოღონდ ღირსეული მთავარსარდალი“, – აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, – „სააკაშვილი არ იყო ღირსეული?“ – ნოღაიდელმა უპასუხა: „არა, არ იყო. 2008-ში აღარ იყო ღირსეული. მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა“.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელს სასამართლო სხდომაზე ასე მიმართა: „ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემ გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს" რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვ. სააკაშვილმა კი პროცესი დატოვა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელი წერს:
დაპირისპირება გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ, რომ ნოღაიდელი პუტინს ომის შემდეგ შეხვდა, თავი დაუხარა და ბოდიში მოუხადა. სააკაშვილის ამ განცხადებას ნოღაიდელის მწვავე რეაქცია მოჰყვა და მათი კამათი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
პროცესზე ნოღაიდელმა ჩვენებაში თქვა, რომ 7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები იყვნენ მობილიზებული და ეს სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდებოდა.
„დღესავით ნათელია, რომ ესაა თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალი. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში წესრიგის აღსადგენად იყო, თითი არ გაუნძრევია ჯარს, ეს მტრისათვის საჩვენებლად იყო, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი და თავის დაცვა შეუძლია“, – განაცხადა სააკაშვილმა ნოღაიდელის საპასუხოდ.
ამასთან, პროკურორმა დაუსვა კითხვა ნოღაიდელს, იცოდა თუ არა შს სამინისტროში 4 ნოემბერს გამართულ თათბირზე, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ 4 ნოემბერს შსს-ში თათბირზე ვერ იქნებოდა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა 7 ნოემბრამდე და თათბირთან დაკავშირებით ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძისგან მიიღო.
ამასთან, სააკაშვილმა მიმართა ნოღაიდელს, 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით რატომ აძლევდა სასამართლოს ჩვენებას მტკიცებით ფორმაში ვასილ მაღლაფერიძის მონაყოლზე დაყრდნობით.
„4 ნოემბრის საქმეზე მე არაფერი ვიციო. ვასილ მაღლაფერიძემ გითხრა და შენ, როგორც ფაქტს, ჰყვები. არ გაუჭირდებოდა ამის ჩაწერა ვასილს, სადაა ამის აუდიო ჩანაწერი, აქვს ვასილ მაღლაფერიძეს?“ – მიმართა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელს, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ სასამართლო გაარკვევს, აქვს თუ არა მაღლაფერიძეს აუდიოჩანაწერი.
სააკაშვილმა ნოღაიდელს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „ვასილ მაღლაფერიძე არსებულ ვითარებაზე გამოხატავდა უკმაყოფილებას, იყო ოპოზიციურ განწყობაზე. იცი თუ არა ეს?“
ნოღაიდელის თქმით, „ვასილ მაღლაფერიძეს შექმნილ მდგომარეობაზე, კრიტიკულთან ერთად, დადებითი შეხედულებებიც ჰქონდა“.
სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე და აღნიშნა: „2007 წლის ნოემბერში ფედერალურმა სამსახურმა მოგვწერა, რომ თბილისში აპირებდნენ არეულობას. ფედერალური ბიუროს ინფორმაცია იყო. იცოდი, რომ პატარკაციშვილი რუსეთთან იყო დაკავშირებული?“ ნოღაიდელმა კი უპასუხა: „ფული იქ იშოვა, მაგრამ მერე აღარ იყო მჭიდროდ დაკავშირებული“.
სააკაშვილის კიდევ ერთ კითხვაზე, იცოდი თუ არა, რომ პატარკაციშვილს „ფეესბესთან“ ჰქონდა კავშირი, ნოღაიდელმა განაცხადა: რატომ იყო თბილისში, „ფეესბეს“ აგენტი თუ იყო? „ფეესბეს“ პოლკოვნიკი თუ იყო, რატომ არ დაიჭირეთ?“
სააკაშვილმა ნოღაიდელს მიმართა: „ის იცი, რომ პუტინთან იყავი?“ ნოღაიდელმა კი უპასუხა: „იმიტომ, რომ ურთიერთობები მოგვეწესრიგებინა“. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა ნოღაიდელს კვლავ მიმართა: „„ეკაჩავე?“ „ებლატავე?“ პუტინთან ჩავიდა ეს მოღალატე. უღალატა საქართველოს, დაასმინა და მოიხადა ბოდიში. ასეთი ხალხია ახლა ხელისუფლებაში, ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო. ამ კაცმა პუტინთან მოიხარა თავი“.




