„გვინდა, დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინოთ, რა არის საჭირო, რა მოლოდინებია ჩვენგან ხალხში, რომელიც რეალურად მთავარი დასაყრდენია პროტესტში. ამდენხნიანი უწყვეტობა, პირველ რიგში, ხალხის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისინი, ვინც არა მხოლოდ თავიანთი იქ დგომით ამაგრებენ ამ პროტესტს, არამედ თავიანთი გადაწყვეტილებებითა და შრომით. -ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

"ჩვენ შეგვიძლია პროტესტის გამრავალფეროვნება და ამისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ. ეს პასუხისმგებლობაც არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაში გვჭირდება გარკვეულწილად გზამკვლევი და ამ ხალხზე უკეთესი გზამკვლევი არავინ არ არის. კიდევ სხვა ბევრ რამეს ვაპირებთ და გვინდა, რომ ამ ხალხთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რა არის სწორი, რა შეიძლება იყოს არასწორი, რა ჯობია, გაკეთდეს იმ ტაქტიკით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ ან შეიძლება, სხვა ტაქტიკით. მოკლედ, ეს არის დიალოგი იმ ხალხთან, ვინც ყველაზე უკეთესი მრჩეველიც არის და ყველაზე უკეთესი განმახორციელებელი. ვფიქრობ, ახლა პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების შესაძლებლობაც გვაქვს, ვალდებულებაც და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.