პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში  რუსთაველის გამზირზე  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე ს.ჯ. თავს დაესხა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ფეხი დაარტყა ძირს დავარდნილ პოლიციელს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.